3 мар. 2010 г.

სასკოლო კონფერენცია "ოცხელის გიმნაზიის აღზრდილები"-ვიქტორ ნოზაძე 

"ოცხელის საზოგადოების" ინიციატივით სკოლაში გაიმართა კონფერენცია "ოცხელის გიმნაზიის აღზრდილები". წაკითხულ იქნა მოხსენებები გიმნაზიის კურსდამთავრებულების:ვ. ნოზაძისა და ს.ბუაძის შესახებ.

.


ჩემი დაინტერესება დიდი მეცნიერის,ვ.ნოზაძის ცხოვრებამ გამოიწვია, სწორედ მის შესახებ შეკრებილი მასალა გავაცანი საზოგადოებას.

ოცხელის გიმნაზიის აღზრდილები

ვიქტორ ნოზაძე

(1893-1975)

იგი არც თავადი იყო, არც აზნაური, მაგრამ ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლობდა, რადგან ქართული გიმნაზიის კარი ღია იყო ყველასთვის, ვისაც სწავლა სურდა. 1910 წელს ჩაირიცხა ამ სასწავლებელში და იქ გატარებულმა რამდენიმე წელმა წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მის ცხოვრებაზე. ის იყო ვიქტორ ნოზაძე-შემდგომში ცნობილი მეცნიერი-რუსთველოლოგი.
ვ.ნოზაძე საჩხერის რაიონის სოფ.წირქვალში დაიბადა 1893 წლის 17 სექტემბერს. Mმის მშობლებს 4 შვილი ჰყავდათ: ვიქტორი, მარო, გიორგი, პალიკო. დაწყებითი სწავლა ვიქტორმა საჩხერის ორკლასიან სასწავლებელში მიიღო, შემდეგ ჭიათურის სამოქალაქო სასწავლებელში შეიყვანეს. 1910 წელს კი გამოცდები ჩააბარა ქუთაისის ქართული გიმნაზიის VI კლასში მისაღებად. Aამ დროს გიმნაზიის დირექტორი იყო ცნობილი ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოსებ ოცხელი, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით ზრდიდა თავის მოწაფეებს.
ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის ბედნიერ წლებსა და ი.ოცხელზე ვ.ნოზაძემ მეტად საინტერესო მოგონება დატოვა. (გაზ ,,კავკასიონი”, 1967წ.),საიდანაც, სხვათა შორის, ვგებულობთ, რომ ,,სათავადაზნაუროდ” წოდებული გიმნაზია კერძო იყო. Mმას პირველად ,,ბანკის კლასი” ერქვა, რადგან სათავადაზნაურო ბანკი ინახავდა. ქართული გიმნაზია კი იმიტომ ეწოდა, რომ გიმნაზია ქართველობას ეკუთვნოდა და იქ ქართულის სწავლება და სწავლა სავალდებულო იყო. ეს სასწავლებელი სოციალურ და ეროვნულ შეზღუდვებს არ ცნობდა. Aაქ სწავლობდნენ ვაჭრებიც და გლეხებიც, სომხებიც და ებრაელებიც.…
ვ.ნოზაძე წერს: ,,გიმნაზია ახალგაზრდობას ქართული სულისკვეთებით ზრდიდა და ამიტომ სასწვალებელი მთავრობას ყოველთვის საეჭვოდ მიაჩნდა. თუმცა ყველა საგანს, გარდა ქართულისა, რუსულად ვსწავლობდით, დიდი უმეტესობა გამოცდას მაინც იჭერდა და ქართული ინტელიგენციის რიგები იზრდებოდა. Gგიმნაზიას თავისი წვრილი შეჰქონდა ქართველთა ცხოვრებაში.”
ოცხელი ვ.ნოზაძემ პირველად გიმნაზიაში მისაღებ გამოცდაზე ნახა. ახოვანმა, ლამაზმა მამაკაცმა სწავლას მოწყურებულ ჭაბუკს წარმატებები უსურვა, მისმა სიტყვებმა ვიქტორზე დიდი გავლენა მოახდინა. იმ პერიოდში სკოლის მშენებლობა დამთავრებული არ იყო და ი.ოცხელი ყველაფერს თვალყურს ადევნებდა...
იოსებ ოცხელი დიდ ყურადღებას აქცევდა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს. Mმისი ინიციატივით შეიქმნა ლიტერატურული წრე, რომელიც მთარგმნელობითს საქმიანობას ეწეოდა. აქ თარგმნა პირველად ვ.ნოზაძემ რუსული მოთხრობები. თარგმანს პატარა წიგნებად ბეჭდავდნენ და გიმნაზიის აღსაზრდელები ყიდულობდნენ.
ვიქტორზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს კუთხეებში მოგზაურობამ. Oოცხელის რჩევითა და მისივე გეგმით რვა
მოსწავლემ ფეხით მოიარა ლეჩხუმი, სვანეთი, ზემო იმერეთი, სამცხე. მათ ნახეს უძველესი ქართული ხელნაწერები, ისტორიული ძეგლები, გაეცნენ ამ კუთხეთა მცხოვრებლებს... მოგზაურობის დასასრულს აბასთუმანში შეხვდნენ ი.ოცხელს, რომელიც გაუმასპინძლდა მათ, გამოჰკითხა ამბავი. სამი თვის მოგზაურობის შემდეგ ბედნიერი ახალგაზრდები ქუთაისში დაბრუნდნენ.
სწავლის დაწყების შემდეგ გაიმართა ლიტერატურული დილა, სადაც მოსწავლეებმა წაიკითხეს მოხსენებები არაჩვეულებრივი მოგზაურობის შესახებ, ,,დიდი დერეფანი გადაჭედილი იყო ხალხით. ბ-ნი იოსები ბედნიერი იყო, პირდაპირ ბრწყინავდა! “-იგონებს ვ.ნოზაძე.
გიმნაზიაში ბ-ნი იოსებისა და ბ-ნი ს.ხუნდაძის თაოსნობით იმართებოდა წარმოდგენები. მსახიობებიცადა რეჟისორებიც მოწაფეები იყვნენ. ვიქტორი, ჩვეულებრივ, მოკარნახე იყო. პედაგოგების დავალებით,გიმნაზიელები კითხულობდნენ მოხსენებებს ლიტერატურულ თემაზე,რასაც მოჰყვებოდა კამათი და ასე იწვრთნებოდნენ ახალგაზრდები. ამას გარდა აწყობდნენ ლიტერატურულ გასამართლებას. ვიქტორი ხშირად ,,პროკურორი” იყო...
ი.ოცხელმა დაათვალიერებინა მოსწავლეებს ბაგრატის ტაძარი,გელათის მონასტერი.ესაუბრა ამ ძეგლების ისტორიაზე. Mმას დიდად აღელვებდა ისტორიული ძეგლების ბედი.
ი.ოცხელის დავალებით, ვ.ნოზაძე ქართული ლიტერატურის შესახებ ლექციებს უკითხავდა ქუთაისის წმ.ნინოს ქალთა სასწავლებლის მოსწავლეებს.
Gგოგონები თემებს ამუშავებდნენ და კითხულობდნენ. მთელი წლის მანძილზე ვიქტორი ძალიან დაუმეგობრდა მათ. Nნაყოფიერი მუშაობის გამო მან ოცხელის შექებაც დაიმსახურა.
1913 წელს ქუთაისში დიდი ზეიმი იყო რომანოვების დინასტიის 300 წლის აღსანიშნავად. ერთ დღეს, როცა იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება იმართებოდა,ქალაქში რომანოვთა დასაგმობი პროკლამაციები გავრცელდა. Aატყდა დიდი ალიაქოთი. Fფეხზე დადგა პოლიცია, მაგრამ დამნაშავეს ვერ მიაგნეს. Gგუბერნატორმა ოცხელი დაიბარა და დაკითხა, მაგრამ მან მტკიცედ განუცხადა, რომ გიმნაზიელი ამ პროკლამაციას არ დაწერდა. რამდენიმე დღის შემდეგ იოსებმა ვიქტორს პროკლამაციების შესახებ ჰკითხა, მოსწავლემ არ დამალა, რომ ისინი გიმნაზიელებმა შეადგინეს და გაავრცელეს, ოცხელმა ახალგაზრდები შეაქო და ტექსტიც მოუწონა.
M მოსწავლეებს ძალიან უყვარდათ დირექტორი. შაბათს ან კვირას ქალაქის ბაღთან ან მთავრიშვილის წიგნის მაღაზიის წინ შემოესეოდნენ მოწაფეები ოცხელს და იგიც თბილად საუბრობდა მათთან.
გიმნაზიის დამამთავრებელ გამოცდაზე ვ.ნოზაძემ თავი გამოიჩინა. რუსული თემაც და ქართულიც მან საუკეთესოდ დაწერა. ვიქტორი სოციალ-დემოკრატებს თანაუგრდძნობდა, რომელთაც ვერ იტანდა ქართულის მასწავლებელი ს.ხუნდაძე,მაგრამ მისი ნაშრომი ყველაზე დიდი ქულით შეაფასა. ,,ძალიან მიხარია, რომ სწორედ სოციალ-დემოკრატმა დაწერა ქართული თემა ყველაზე უკეთესად!”- სიცილით უთხრა ოცხელმა ვიქტორს, როცა გაბრაზებულ სილოვანს მოუსმინა. მისი რუსულის თემა კი კავკასიის სასწავლო ოლქის ყოველწლირ კრებულში დაიბეჭდა. ,, ეს იყო 1-ლი შემთხვევა , როცა ქართული გიმნაზია საერთოდ მთელ ოლქში 1-ლ ადგილზე გამოვიდა და... ,,ამაყობდნენ ამით თურმე”,-აღნიშნავს ვ.ნოზაძე. ,,ამ ფაქტმა ასწია პრესტიჟი ქართული გიმნაზიისაო”,-წერს ვ.ნოზაძე.
1913 წელს ვ.ნოზაძემ ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. სწავლასთან ერთად ის ჩაება რევოლუციურ საქმიანობაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა და სხვადასხვა გაზეთთან თანამშრომლობდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ვიქტორმა მოინახულა თავისი აღმზრდელები. Oოცხელი დიდად გახარებული იყო ამ ახალი
ამბით, ს.ხუნდაძესაც უხაროდა, მაგრამ სოციალურ-დემოკრატებისა არ სჯეროდა:,,ქვეყანას ვერ მოუვლიან! მათ არ იციან, რა არის ერიო!“...
ვ.ნოზაძის რჩევით, დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის მეთაურს,ნ.რამიშვილს სურდა, ი.ოცხელი განათლების მინისტრის ამხანაგად დაენიშნა,მაგრამ ოცხელმა მოკრძალებით შეუთვალა უარი, რადგან ავადმყოფობის გამო ამ ,,დიდად მძიმე მოვალეობას” ვერ შეასრულებდა.
ი.ოცხელი, მართლაც, მალე გარდაიცვალა. იმ პერიოდში ვ.ნოზაძემ დაწერა მოგონებები მასწავლებელზე, რომლებიც, სამწუხაროდ, ვერ დაიბეჭდა და დაიკარგა. ,,ქება და ხოტბა ვთქვა ბატონ იოსებზე?! მგონია, ეს მას არ სჭირდება! საქმემან მისმა გამოაჩინა იგი... ჯერ კიდევ რა! Mმას დიდი მკვლევარი, სიყვარულით მოელის...”-წერს ვ.ნოზაძე დიდ პედაგოგზე.
1919 წელს ვ.ნოზაძე 70 ახალგაზრდასთან ერთად დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ გაააგზავნა საზღვარგარეთ სწავლის მისაღებად. იგი ჯერ ლონდონში ჩავიდა, შემდეგ ბერლინში გადავიდა. იქ დაამთავრა უნივერსიტეტი. 1928 წელს კი დასახლდა პარიზში. Aაქ მან დაიწყო რედაქტორული და ჟურნალისტური მოღვაწეობა. სხვებთან ერთად გამოსცა ჟ. ,, ორნატი”, შემდეგ-ჟ. ,,კავკასიონი”.
“60 წლის მანძილზე ვ.ნოზაძე თავაუღებლივ ემსახურა ქართულ კულტურას-ისტორიას, ლიტერატურას, პოლიტიკას, პუბლიცისტიკას, საგამომცემლო საქმეს. ჟურნალისტიკას... ,, მან თავის ხალხს დაუტოვა უმდიდრესი მემკვიდრეობა, რომლის სათანადო აღნუსხვა-დაფასება მომავლის საქმეა!”- გ.შარაძე.
ვ.ნოზაძის ძმის, გიორგის მიერ მიწოდებული ცნობების საფუძველზე პროფ. გ.შარაძემ შეადგინა დიდი მეცნიერის ნაშრომთა ბიბლიოგრაფია. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვ.ნოზაძის რუსთველოლოგიურ ნაწარმოებს ,,ვეფხისტყაოსნის ჩხრეკანი”(როგორც თვითონ ეძახდა თავის სამუშაოს).”ვეფხისტყაოსნის” კვლევა მან II მსოფლიო ომის დროს დაიწყო ბერლინში პოემის დედანისა და უორდროპისეული თარგმანის შედარებით. დიდი ნიჭისა და ურყევი ნებისყოფის წყალობით ვ.ნოზაძემ შექმნა და სამშობლოს დაუტოვა ექვსი მონუმენტური ტომი:
1. ,,ვეფხისტყაოსნის ფერთამეტყველება”, Bბუენოს-აირესი, 1953წ.
2. ,,ვეფხისტყაოსნის ვარსკვლავთმეტყველება”, სანტიაგო დე ჩილე, 1957წ.
3. ,,ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველება”, სანტიაგო დე ჩილე, 1957წ.
4. ,,ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათმეტყველება”, სანტიაგო დე ჩილე,1959წ.
5. ,,ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველება”, პარიზი, 1963წ.
6. ,,ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება”, პარიზი, 1975წ.
A ამ ბოლო წიგნის გამოცემას ავტორი ვერ მოესწრო. მას განზრახული ჰქონდა სხვა ნაშრომების გამოცემაც (სულ 11 ტომის).
U უნდა აღინიშნოს ვ.ნოზაძის მიერ რუსთაველის 800 წლისთავისადმი მიძღვნილი ჟ. ,,კავკასიონის” საგანგებო ნომერი, რომელიც 1966 წელს პარიზში გამოიცა. მასში მეტად საყურადღებო წერილებია გამოქვეყნებული.
ვ.ნოზაძის საქმიანობა ამით არ ამოიწურება. მისი აქტიური დახმარებით გამოიცემოდა ციურიხში ქართულ-გერმანული ლექსიკონის რვეულები, რომელთა შექმნას მისმა მეგობარმა, კ.ჩხენკელმა, ჩაუყარა საფუძველი.
ქართული საბჭოთა მეცნიერული საზოგადოების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი მუდამ ღირსეულ პატივს სცემდა ვ.ნოზაძეს, როგორც რუსთველოლოგს.
1975 წლის აპრილში ვ.ნოზაძე გარდაიცვალა პარიზთან ახლოს, ლევილში, სადაც თავისი ძმის ოჯახში ცხოვრობდა. Dდიდი მეცნიერი სიცოცხლის ბოლო დღეებამდე მუშაობდა, ,,ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველების” დასრულებას ჩქარობდა... იგი დაკრძალულია ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე.
ის, რაც შექმნა ვ.ნოზაძემ, სამუდამოდ უკვდავყოფს მისი ავტორის სახელს ქართული მეცნიერებისა და კულტურის ისტორიაში.
მომზადებულია გ.შარაძის წიგნის "უცხოეთის ცის ქვეშ"(თბ. გამ. "მერანი".1991წ.)მიხედვით.

Комментариев нет: