გელა დაიაურის შესახებ აქამდე არაფერი ვიცოდი.ივლისში ჩემი ახლობელი იყო შატილსა და მუცოში. აღფრთოვანებული რომ ჩამოვიდა, ეს სულ არ გამკვირვებია:მთა ვის არ გააოგნებს! მაშინ მუცოზე ვეძებდი მასალებს და სულ შემთხვევით წავაწყდი გელა დაიაურის ლექსებს... არაჩვეულებრივი ლექსებია, სრულიად არაჩვეულებრივი! გავოცდი... როგორც გავიგე, გელა დაიაური ფილოლოგია. ცხოვრობს ხევსურეთში, სოფელ მუცოში, შატილის საშუალო სკოლაში სასწავლო ნაწილის გამგეა და ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. იგი ფოლკლორის დიდი მოყვარული და გულშემატკივარია. თვითონაც შესანიშნავად უკრავს და მღერის... ახლახან კი უბედურება დაატყდა თავს!..
თუ გინდათ,წაიკითხეთ გელა დაიაურის ლექსები. აი, რამდენიმე:
***
ნეტავ აქ იყო, - მარტის თვეში ნახავდი მუცოს,
თავს დაგიხრიდნენ ქარაფები ლამაზს და უცნობს,
მხრებს შეარხევდა თორღვას ციხე - გაღმერთებული.
ნეტავ აქ იყო, _ იის მოსვლას ვუდარაჯებდი,
დავთვლიდი დღეებს თბილს, უსაზღვროს და უთარიღოს,
მიწას გავხლეჩდი ანთებული მზერით - ხანჯლებით,
აჩქარდებოდა გაზაფხულიც, შენ რომ აქ იყო.
ნეტავ აქ იყო, - დღეს ეს არის ჩემთვის მთავარი
და რომ იცოდე, ამ გულს როგორ გაახარებდი. . .
ენძელასავით გატარებდი ხელში აყვანილს
ასე, სათუთად მთებს და ველებს დაგატარებდი.
ნეტავ აქ იყო, - ენძელებით დაგამშვენებდი,
კრძალივით გესროდი მარტის თოვლის ცრემლიან გუნდას
ტრფობით დაქანცულს შურთხის ხმაზე დაგაძინებდი
ვუდარაჯებდი ყაჩაღივით შენს ცბიერ სუნთქვას.
დაბინდდებოდა და მოგხვევდა მთვარე შავ მკლავებს
ნიავი წყურვილს მოიკლავდა ბაგით მალ - მალე,
თავს მოიკლავდა ქარაფებში, შურით ვარსკვლავი,
მთვარე ალერსით დაგაფენდა ოქროს დალალებს.
ვეღარ გავძლებდი და ტუჩებზე დაგაკვდებოდი,
გაიღვიძებდი გულუბრყვილო თვალთა ციმციმით,
- შემაშინეო, - სასაცილოდ ატირდებოდი
და შენს ცრემლებზე მოკვდებოდა მთვარე სიცილით.
***
ვერ გადავურჩით მარტის ქარტეხილს,
დავრჩით ჭირხლის და ყინვის ამარა,
ენძელა _ ჩემი სულის ნატეხი,
მოუსვენარმა თოვლმა დაფარა.
იღვიძებს მარტი თვალთა ფახულით,
აპრილის დღეებს ხვდება უმწვანო,
ბარში მივდივარ, მთას გაზაფხული
ხურჯინით უნდა ამოვუტანო
***
მთას მივაღწიე წვალებით
ვკრიფე და ვკრიფე შალშავი
ფერი მაგ შავი თვალების
ეშხიანი და შავშავი
გზები დავლახე იმდენი,
აღმართ-დაღმართი ცერ-ცერა,
მაგ ტუცებივით წითელი
ვკრიფე და ვკოცნე კეწერა.
სევდის წიგნს ყდები შევხიე,
ვნახე ყინულნი დნებიან
დეკის ყვავილებს ვემთხვიე
შენსავით ცივს და ვნებიანს
სული სილაღეს მილანდავს
შორეულსა და უცნობელს,
ქარაფებს მკერდი მივადე
შენი გულივით უგრძნობელს
გზა ჩანჩქერისკენ გავლიე
მივაბიჯებდი ჩქარ-ჩქარა
და მერე წყაროც დავლიე
შენი სულივით ანკარა.
***
მუნჯი ტკივილი
ვინ იცის ქვაო, როგორ გტკივა
თოვლი გაგიჟებს,
ვინ იცის მიწავ, როგორ გტკივა
ფეხს რომ გაბიჯებ.
ვინ იცის პირუტყვს, როგორ უჭირს
ყოფნა უენო,
ამ გულს კი ყოფნა ყოფნა-ფუჭი
ყოფნა უშენოდ.
ვინ იცის, ხეო, ფეხზე დგომით
გტკივა ფესვები
წელში იხრებით ქართან ომით
არყნი, მუხები.
ვინ იცის, ფიფქებს როგორ უნდათ
დიდხანს სიცოცხლე,
ტალახში როცა ვაგდებთ გუნდას,
ყოფნას ვუმოკლებთ.
ვინ იცის, ურვა და ჩივილი
ქარის, მიწის, ცის . . .
პოეტის გარდა მუნჯ ტკივილის
არავინ იცის.
Комментариев нет:
Отправить комментарий