3 дек. 2014 г.
გასეირნება თბილისში
23 ნოემბერია. გიორგობა. მთელი ღამე წვიმს.როგორ წვიმს! "როგორ წავალთ?!"-ვფიქრობ და თან წასასვლელად ვემზადები, მაგრამ წვიმს, წვიმს.სამგზავროდ გამზადებული ვზივარ და ველოდები წასვლის დროს. წვიმას კი რა ენაღვლება! წვიმს. რას ვუცდი? ეს არ გადაიღებს..."არ მოდიხარ? ყველანი შევიკრიბეთ",-მე კი მეგონა, სხვებიც ჩემსავით ელოდნენ წვიმილ გადაღებას. 10 წუთში შევუერთდი თბილისში გასამგზავრებლად შეკრებილ მეთერთმეტეკლასელებს და წავედით. არადა ამ დღეს, რამდენი ხანია, ვგეგმავდით. თბილისში სპექტაკლის სანახავად გავემგზავრეთ,მუსიკისა და დრამის თეატრში გ. ერისთავის "გაყრის" სანახავად.გზაში ისევ წვიმდა. რიკოთის უღელტეხილზე თოვდა კიდევაც."თბილისში მზეა და სიცივეაო" და ჩვენ არც წვიმა გვაწუხებდა, არც თოვდა.მაინც მივდიოდით.თბილისი, მართლაც, მზიანი დაგვხვდა. სპექტაკლის ნახვამდე ნ. ბარათაშვილის მუზეუმი ვნახეთ,მთაწმინდაზე ავედით,მთაწმინდის პარკში გავისეირნეთ, პანთეონი დავათვალიერეთ და იქიდან გადმოვხედეთ ჩვენს დედაქალაქს.წინ კიდევ უფრო მეტი სიამოვნება გველოდა: სპექტაკლი... მოლარე გველოდა. ბილეთები რომ შევუკვეთე, მაშინაც გაუკვირდა, რომ ქუთაისიდან სპექტაკლის სანახავად მივდიოდით. დაწყებამდე, ფოიე დავათვალიერეთ, ადგილები დავიკავეთ მშვენიერ პატარა დარბაზში და დაიწყო...მე-19 საუკუნის თბილისი.დიდებულიძეების ოჯახის დრამა, რომელიც მწერალმა კომიკური ელფერით წარმოგვიდგინა.მშვენიერი მუსიკა...სცენაზე გაცოცხლებულმა ამბავმა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა მოსწავლეებისთვის,რა ადარდებდათ, ახარებდათ, რაზე ფიქრობდნენ იმ დროს თბილისში, მთელ ქვეყანაში...
გზაში დაწყებული განხილვა სკოლაში გავაგრძელეთ. მოსწავლეებმა ერთმანეთს შეადარეს გ. ერისთავის "გაყრა" და მუსიკალური სპექტაკლი,ისაუბრეს თავიანთ შთაბეჭდილებებზე. გასეირნება თბილისში შემოდგომის ცივ დღესაც ძალიან კარგია...
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий